ჩეხეთში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი დაკარგულად მიიჩნევა, წყალდიდობას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ჩეხეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ადამიანი ადიდებულ მდინარე კრასოვკაში დაიხრჩო. ჩეხეთის სხვადასხვა რეგიონში ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა შვიდი ადამიანი. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ათასობით ადამიანს მოუწოდეს, დატოვონ სახლები.
რუმინეთში წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გალათის, ვასლუისა და იასის აღმოსავლეთ რეგიონები.
სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ კლოძკოს რაიონში არსებულ ვითარებას დრამატული უწოდა. ათასობით მეხანძრე, პოლიციელი და ჯარისკაცი ებრძოდა წყალდიდობას ბოლო 24 საათის განმავლობაში. პოლონეთის მთავრობა ჯერ კიდევ მუშაობს ზარალის მასშტაბის განსაზღვრაზე.
მდინარე დუნაის ადიდების გამო სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა და უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი შესაბამის ზომებს იღებენ. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ათიათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.