ჩეხეთში ხელისუფლების წინააღმდეგ დემონსტრაციები გაიმართა. ქალაქ ბრნოს ცენტრალურ ნაწილში შეკრებილმა ათასობით აქტივისტმა პრემიერ-მინისტრ, ანდრეი ბაბიშის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ჩეხეთის სიდიდით მეორე ქალაქში სამი ათასამდე აქტივისტი გამოვიდა.
„ბაბიში ციხეში“ – ასეთი იყო აქციების მთავარი ლოზუნგი. აქციები ბრნოსთან ერთად პლზენში, ოსტრავასა და ლიბერეცშიც გაიმართა.
ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დემონსტრაციები უკვე მეხუთე კვირაა იმართება. აქციების მიზეზი ანდრეი ბაბიშის გარშემო აგორებული კორუფციული სკანდალია. გამომძიებლების ინფორმაციით, ანდრეი ბაბიშმა 2007 წელს საკუთარი ჰოლდინგის სასარგებლოდ, უკანონოდ მიიღო ორი მილიონი ევროს ოდენობის ევროკავშირის სუბსიდიები, რომელიც მცირე ბიზნესისთვის იყო განკუთვნილი. თავად პრემიერ-მინისტრი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკური სარჩული აქვს.
ამასთან, აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ცოტა ხნის წინ დანიშნულმა იუსტიციის მინისტრმა, მარია ბენეშოვამ შესაძლოა, გამოძიება შეაფერხოს. თავად ბაბიში აცხადებს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ბენეშოვას დანიშვნა მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს არ უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ ხუთკვირიანი აქციების მიუხედავად ბაბიშის პარტიამ „უკმაყოფილო მოქალაქეთა აქციამ“ ევროპარლამენტის არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა. პარტიის წარმომადგენლები ევროპარლამენტში ჩეხეთისთვის განკუთვნილი 21 მანდატიდან ექვსს დაიკავებენ.