ჩეხეთში პრემიერ ანდრეი ბაბიშისა და კომუნისტების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა
ჩეხეთში პრემიერ ანდრეი ბაბიშისა და კომუნისტების წინააღმდეგ, საპროტესტო აქციები გაიმართა

ჩეხეთში მოძრაობა ANO-ს ლიდერის, ანდრეი ბაბიშისა და კომუნისტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ Radio Praha ავრცელებს.

დემონსტრანტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს პრეზიდენტ მილოშ ზემანის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ანდრეი ბაბიშს მთავრობის ჩამოყალიბების მანდატი მისცა.

აქციის მონაწილეებმა ანდრეი ბაბიშის პრემიერობა გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ ის ევროკავშირის თანხებთან დაკავშირებული ფინანსური მაქინაციების საქმის გამოძიების ფიგურანტია. ამას გარდა, მათი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ ბაბიში წარსულში კომუნისტურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

აქციის მონაწილეებს კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა სურათები ეჭირათ ხელში.

შეგახსენებთ, ანდრეი ბაბიშმა მთავრობის ფორმირების მანდატი პრეზიდენტისგან მეორედ მიიღო მას შემდეგ, რაც არჩევნების შემდეგ სამთავრობო კოალიცია ვერ ჩამოყალიბდა. ამჟამად ბაბიშის მოძრაობას მიღწეული აქვს შეთანხმება კოალიციის შექმნის შესახებ სოციალ-დმოკრატიულ პარტიასთან.

ამგვარად, ორ პოლიტიკურ ძალას პარლამენტში 200-დან 93 ხმა ექნებათ, რაც ნიშნავს, რომ ბაბიშს კომუნისტების მხარდაჭერაც დასჭირდება.