ჩეხეთში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული მდგომარეობის გამო შეზღუდვები გამკაცრდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, იან ბლატნის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საფრთხის მაქსიმალური, მეხუთე დონე გამოცხადდა და 27 დეკემბრიდან კვების, საყოფაცხოვრებო საქონლის, აფთიაქების და სამომხმარებლო მომსახურების გარდა, ყველა მაღაზია დაიკეტება.
მაქსიმალურად შეიზღუდება მოქალაქეების გადაადგილება. დასაშვები იქნება არაუმეტეს ორი ადამიანის შეკრება, გამონაკლისი მხოლოდ ერთი ოჯახის წევრებს შეეხებათ. ასევე, გაგრძელდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს.
18 დეკემბრიდან ჩეხეთში დაიხურა კაფეები, რესტორნები, სასტუმროები, კულტურული დაწესებულებები და სპორტული კომპლექსები.
4 იანვრიდან სკოლები და უნივერსიტეტები იმუშავებენ დისტანციურად, გარდა ორი დაბალი კლასისა. ასევე ღია იქნება საბავშვო ბაღები.
გარდა ამისა, 21 დეკემბერს, პარლამენტმა, მთავრობის თხოვნით, საგანგებო რეჟიმი 2021 წლის 22 იანვრამდე გააგრძელა.
როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, ყველა მეწარმეს, რომელიც ამკრძალავი ზომებით დაზარალდა, კომპენსაციას გადაუხდიან.