27 იანვარს ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ჩეხეთის მოქმედი პრეზიდენტი 73 წლის მილოშ ზემანია, რომელიც ევროსკეპტიციზმით, ანტიისლამური განცხადებებით, ანტიმიგრაციული რიტორიკით, ვლადიმერ პუტინის მიმართ სიმპატიით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებითა და უხამსი ხუმრობებით გამოირჩევა.
დასავლური მედიის ინფორმაციით, მისი ფავორიტი პოლიტიკოსები დონალდ ტრამპი და უინსტონ ჩერჩილი არიან.
მილოშ ზემანი ჩეხეთის მესამე პრეზიდენტად 2013 წელს აირჩიეს. მან ამჟამინდელი არჩევნების პირველ ტურში ხმების 38,6% მიიღო. ზემანს მისი პოლიტიკური მეტოქე ირჟი დრაგოში „პროფესიონალ პროვოკატორს“ უწოდებს.
ჩეხეთის მეცნიერთა აკადემიის დირექტორი 68 წლის დრაგოში ევროფილი პოლიტიკოსია. იგი ქვეყნის ევროზონაში გაწევრიანებას უჭერს მხარს. მან არჩევნების პირველ ტურში ხმების 26,6% მიიღო.
13 იანვარს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა 60%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნების პირველ ტურში პრეზიდენტობის ცხრა კანდიდატი იღებდა მონაწილეობას.