ჩეხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი - 15 663 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 98 პაციენტი გარდაიცვალა
ჩეხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა, 98 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 15 663 ადამიანს დაუდასტურდა.
ჩეხეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსის 284 033 შემთხვევა აღრიცხეს. მათ შორის 2547 პაციენტი გარდაიცვალა.
ამჟამად, ჩეხეთის საავადმყოფოების რეანიმაციულ განყოფილებებში 893 ადამიანი რჩება.
ჩეხეთში კორონავირუსის მეორე ტალღის დროს კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ევროპის სახელმწიფოებს შორის ყველაზე სწრაფად იზრდება. ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური რაოდენობა მესამე დღეა 15 000-ს აჭარბებს. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების გამო, ჩეხეთში დღეიდან ღამით კომენდანტის საათი ამოქმედდება. ასევე, დახურულია სკოლები, რესტორნები, მაღაზიები. შეზღუდულია მოქალაქეთა გადაადგილებაც. პრაღის მერიამ უკვე განაცხადა, რომ წელს კორონავირუსის გამო საშობაო ბაზრობა აღარ გაიმართება.