ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა
ჩეხეთში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ჩეხეთში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. როგორც ჩეხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება, აქციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა „ჩეხეთი უპირველეს ყოვლისა”.

დემონსტრანტები ჩეხეთის მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქტივისტების თქმით, ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა, რომელსაც პეტრ ფიალა მეთაურობს, ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ და სატელევიზიო ეთერი მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

დემონსტრანტები ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, კოვიდპანდემიის დროს საზოგადოებრივი ტელევიზია მხოლოდ ვაქცინაციის პროპაგანდას ეწეოდა, ხოლო უკრაინაში ომის დროს რუსეთის პოზიციას არ აშუქებს.

საპროტესტო აქციაზე მთავრობა ასევე ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასების გამო გააკრიტიკეს.

აქციის მიმდინარეობისას პრაღაში მობილიზებული იყო პოლიციის დამატებითი ძალები.