ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო

ჩეხეთმა ქვეყნიდან რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, იაკუბ კულჰანეკის განცხადებით, ქვეყანა რუსეთის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის დონემდე შეამცირებს.

„გუშინ მე ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხი დიპლომატები არ დაბრუნდნენ მოსკოვში, ჩვენ შევამცირებთ საელჩოს შემადგენლობას. მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ რეაგირება არ მოახდინა ჩვენს მოთხოვნაზე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ გადაწყვეტილების შესრულება დაგვეწყო“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა ჩეხეთის ტერიტორია მაისის ბოლომდე უნდა დატოვონ. რუსეთის საელჩოს პრაღაში ჰყავს 27 დიპლომატი და 67 ტექნიკური თანამშრომელი, ხოლო ჩეხეთის საელჩოს მოსკოვში ხუთი დიპლომატი და 19 ტექნიკური თანამშრომელი.

ამრიგად, ჩეხეთის დედაქალაქი შესაძლოა, 22-მა დიპლომატმა და 48 ტექნიკურმა თანამშრომელმა დატოვოს, მაგრამ ზუსტი რიცხვი ჯერ ცნობილი არ არის.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ კვირას, ჩეხეთმა რუსეთი 2014 წელს, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან კავშირში დაადანაშაულა და 18 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.