ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა
ჩეხეთმა ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აშშ-ს გადასცა

ჩეხეთმა სოციალურ ქსელებზე ჰაკერულ თავდასხმაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე ევგენი ნიკულინი აშშ-ს გადასცა.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, ნიკულინი პრაღიდან აშშ-ში თვითმფრინავით უკვე გაამგზავრეს. აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხეთის იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, პრაღაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, პოლ რაიანი, რომლის მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა 30 წლის ნიკულინის ექსტრადირება იყო.

ნიკულინი პრაღაში 2016 წლის 5 ოქტომბერს გამოძიების ფედერალური ბიუროს მონაწილეობით, ინტერპოლის მიერ გაცემული დაკავების საერთაშორისო ორდერის საფუძველზე დააკავეს. აშშ ნიკულინს LinkedIn, Dropbox-ის და სხვა ინტერნეტ-კომპანიებზე კიბერთავდასხმაში და 117 მილიონი მომხმარებლის მონაცემების მოპარვაში ადანაშაულებს.

ნიკულინის ექსტრადირებას რუსეთიც ითხოვს, რომელიც მას 2009 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში ადანაშაულებს. ჰაკერის აშშ-სთვის გადაცემის გადაწყვეტილება ჩეხეთის სასამართლომ 2017 წლის ნოემბერში მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტი, მილოშ ზემანი ცდილობდა, დაერწმუნებინა მინისტრი, რომ ნიკულინი რუსეთისთვის გადაეცა.