ჩეხეთმა და პოლონეთმა სლოვაკეთთან საზღვარზე შემოწმება გაამკაცრეს უკანონო მიგრაციისა და კონტრაბანდისტთა ქმედებების შესაკავებლად
ჩეხეთმა და პოლონეთმა სლოვაკეთთან საზღვარზე შემოწმება გაამკაცრეს უკანონო მიგრაციისა და კონტრაბანდისტთა ქმედებების შესაკავებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. გამკაცრებული კონტროლი ოთხშაბათიდან ამოქმედდება და ათი დღის განმავლობაში იმოქმედებს, მისი შესაძლო გახანგრძლივებით.
„ეს არის აუცილებელი ზომა კონტრაბანდისტთა ჯგუფებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვის“, – განაცხადა ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუშანმა.
მისი თქმით, შემოწმება მთელი საზღვრის გასწვრივ იქნება შერჩევითი ხასიათის.
მეზობელი ქვეყნების გადაწყვეტილება გააკრიტიკა სლოვაკეთის მთავრობამ. პრემიერ-მინისტრმა ლუდოვიტ ოდორმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ევროპულ გადაწყვეტილებას საჭიროებს.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, სლოვაკეთი ქვეყანაში უკანონოდ ჩასული მიგრანტების მზარდი რაოდენობის წინაშე დადგა. მიგრაცია ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სლოვაკეთის წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.