ჩეხეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა
ჩეხეთის პარლამენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პარლამენტში გამართულ კენჭისყრას ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ზორან ზაევიც ესწრებოდა.
ჩეხეთი რიგით 22-ე ქვეყანა გახდა, რომელმაც ამ დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ წევრი სახელმწიფოები რატიფიკაციის პროცესს დეკემბრამდე დაასრულებენ, ხოლო დეკემბერში, ლონდონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე, ჩრდილოეთ მაკედონია ალიანსის წევრი გახდება.
12 თებერვალს მთავრობამ ქვეყანას ოფიციალურად დაარქვა ჩრდილოეთ მაკედონია. საბერძნეთი ჩრდილოეთ მაკედონიის ნატო-ში გაწევრიანებას სწორედ სახელწოდების გამო ბლოკავდა.