ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა და პოლონეთი თუ არ შერიგდებიან, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით
უკრაინა და პოლონეთი თუ არ შერიგდებიან, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით, – ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნიხოვამ განაცხადა.
ჩერნიხოვამ აღნიშნა, რომ პოლონეთი მისი მეორე სამშობლოა, ამიტომ კარგად იცნობს პოლონელების მენტალიტეტს.
„ამაყი, მებრძოლი და მამაცი ხალხი, რომლებიც არავის აძლევენ მათთვის ყვირილისა და ბრძანების უფლებას. ეს დადასტურებულია ისტორიით. პოლონეთის მისამართით უკრაინის პრეზიდენტის განცხადება, ბოდიში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ჩერნიხოვამ.
ამასთან, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მხარეებმა „სიამაყე გვერდით უნდა გადადონ, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, ბოდიში მოიხადონ, ამოისუნთქონ და გააგრძელონ წინსვლა. „ეს უნდა მოხდეს მალე და ორივე მხარეს ვთხოვ ამის გაკეთებას. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ, ყველა წავაგებთ“, – აღნიშნა ჩერნიხოვამ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ზოგიერთი ჩვენი მეგობარი ევროპაში სოლიდარობას თამაშობს პოლიტიკურ თეატრში და მარცვლეულის მიწოდებას თრილერად აქცევს, ისინი ეხმარებიან მოსკოველი მსახიობისთვის სცენის მომზადებაში“.