ჩეხეთში ქურთი პოლიტიკოსის გათავისუფლებას თურქეთი ტერორიზმის მხარდაჭერად აფასებს
ჩეხეთის სასამართლოს მიერ სირიის მოქალაქის, ქურთული პარტიის ლიდერის სალეჰ მუსლიმის გათავისუფლებას თურქეთი ტერორისტული ორგანიზაციის ღია მხარდაჭერად აფასებს. მათი თქმით ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
თურქეთის მთავრობის პრესსპიკერის, ბექირ ბოზდაგის განცხადებით, სასამართლოს განჩინება საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაცაა და ნეგატიურ გავლენას იქონიებს თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობებზე.
ჩეხეთის სასამართლომ დაკავებული ქურთი პოლიტიკოსი თურქეთის მოწოდებების მიუხედავად სამშაბათს დარბაზიდან გაათავისუფლა. ოფიციალური ანკარა ითხოვდა, სასამართლოს სალეჰ მუსლიმისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდებინა, სადაც ის თურქეთში ექსტრადიციას დაელოდებოდა.
სალეჰ მუსლიმს თურქეთში რამდენიმე მუხლით ედება ბრალი.
ქურთი პოლიტიკოსი სირიის მთავარი ქურთული პარტიის ლიდერი იყო, რომელიც ჩრდილოეთ სირიაში ქურთების მიერ კონტროლირებად ავტონომიურ ერთეულს მართავს. თურქეთი კი მათ ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს.
სალეჰ მუსლიმი შაბათს პრაღაში აიყვანეს.
სირიის მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის განცხადებით კი, მათი ლიდერი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.
პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი სირიის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ქურთული პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ ითხოვს ადამიანების დაკავებას, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები და „შესაბამისად, თურქეთს მათი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება არ აქვს“.
თურქეთი სალეჰ მუსლიმს მას შემდეგ ეძებდა, რაც თურქულმა სასამართლომ ქურთ პოლიტიკოსს ბრალი სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაში დასდო.
მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა, ჩეხეთი დაკავებული სალეჰ მუსლიმის ექსტრადირებაზე უარს არ იტყოდა. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთს ქურთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უბრალოდ „ტერორისტებს ებრძვის“.
„როდესაც ჩეხეთი მას გადმოგვცემს, ისინი ნახავენ, როგორ აღსრულდება სამართალი“, – ამბობდა ერდოღანი.