ჩეხეთის სასამართლო ქურთი პოლიტიკური ლიდერისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
ჩეხეთის სასამართლო 27 თებერვალს ქურთი პოლიტიკური ლიდერის, სალეჰ მუსლიმის საქმეს განიხილავს. სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელებს.
სასამართლოს პრესსპიკერის განცხადებით, მოსმენა 27 თებერვალს, დილით არის დანიშნული.
სასამართლო გადაწყვეტს, დარჩება თუ არა სალეჰ მუსლიმი პატიმრობაში და დაელოდება თუ არა თურქეთში ექსტრადირებას. ამის შესახებ მოთხოვნა ჩეხეთის მთავრობას ოფიციალურმა ანკარამ უკვე გაუგზავნა. თურქეთში სალეჰ მუსლიმი რამდენიმე მუხლითაა ბრალდებული და იძებნება.
სალეჰ მუსლიმი შაბათს პრაღაში დააკავეს. ჩეხეთის სასამართლო მას ან დარბაზიდან გაათავისუფლებს, ან 40-დღიან წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს, რომლის განმავლობაშიც თურქეთს დრო ექნება, ექსტრადაციის მოთხოვნა ოფიციალურად მოამზადოს.
სირიის მთავარი ქურთული პოლიტიკური პარტიის განცხადებით, სალეჰ მუსლიმი პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. პარტიის განცხადებით, მათი ლიდერი სირიის სრულუფლებიანი მოქალაქეა და ევროპაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
ქურთული პარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის სახელმწიფო უკანონოდ ითხოვს ადამიანების დაკავებას, რომლებიც არ არიან მათი მოქალაქეები და „შესაბამისად, თურქეთს მათი დაპატიმრების მოთხოვნის უფლება არ აქვს“.
თურქეთი სალეჰ მუსლიმს მას შემდეგ ეძებდა, რაც თურქულმა სასამართლომ ქურთ პოლიტიკოსს ბრალი სახელმწიფოს ერთიანობისთვის საფრთხის შექმნაში დასდო.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმედი აქვს, ჩეხეთი დაკავებული სალეჰ მუსლიმის ექსტრადირებაზე უარს არ იტყვის. მან ასევე დასძინა, რომ თურქეთს ქურთი ხალხის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და უბრალოდ „ტერორისტებს ებრძვის“.
„როდესაც ჩეხეთი მას გადმოგვცემს, ისინი ნახავენ, როგორ აღსრულდება სამართალი“, – განაცხადა ერდოღანმა.