ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საქმე ეხება რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკი“ შესაძლოა, ჩეხეთში იყოს დამზადებული.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ელჩ ალექსანდრ ზმეევსკისგან აღნიშნული განცხადების განმარტებას ითხოვს.
მანამდე რუსეთის ელჩი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს.
17 მარტს რუსული ტელეკომპანიის ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ნივთიერება, რომელითაც ყოფილი რუსი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს, შესაძლოა, დიდ ბრიტანეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთსა ან შვედეთში იყოს წარმოებული.
სერგეი სკრიპალის მოწამვლაში დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. ამჟამად სკრიპალი და მისი შვილი იულია საავადმყოფოში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.