ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის ფონზე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები
საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის ფონზე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 27-ე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჩეხი დიპლომატის თქმით, უკრაინის კონფლიქტი გადაწყვეტას საჭიროებს, ჩეხეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მათ შორის ყირიმში და სევასტოპოლში.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ოფიციალური პრაღა მიესალმება მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასრულებას, რომელმაც მსხვერპლის რაოდენობის შემდგომი ზრდა შეაჩერა.
„ძალის გამოყენება, ეუთო-ს ვალდებულებებისა და პრინციპების დარღვევა აღრმავებს არაპროგნოზირებადობას და უნდობლობას. არ არსებობს სხვა გზა გარდა იმისა, რომ ყველა ქვეყანამ იმოქმედოს თავისი ვალდებულების შესაბამისად, რომ ყველა მათგანი იყოს გადაწყვეტის მონაწილე და არა პრობლემის მიზეზი, რაც ერთი წევრი ქვეყნის მიერ გამიზნულად არის არჩეული“, – აღნიშნა ტომას პეტრიჩეკმა.