ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს
ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომამდე განაცხადა. სხდომაზე უკრაინის შესახებ ისაუბრებენ.
„ვხედავთ, რომ უკრაინა პირდაპირი მნიშვნელობით იბრძვის ევროპული მისწრაფებისთვის. ჩვენთვის, ჩეხეთისთვის მნიშვნელოვანია, მხარი დავუჭიროთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.
ჩეხეთი ლობირებას უწევს ამას. არ ვიცი, რა იქნება ამ ლობირების შედეგი, ეს კომისიის გადასაწყვეტია, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს დებატები ამაზე ევროკავშირში. ზოგიერთი წევრი თავშეკავებულია. ჩემი ამოცანაა, ავუხსნა მათ ამ ერთიანობის მნიშვნელობა“, – განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.