ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩეხეთი მზად არის, საქართველოს გაუწიოს დახმარება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ვისაუბრეთ აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილებია – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრშიჩეკმა ქართველ კოლეგასთან გამართულ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტომაშ პეტრშიჩეკის თქმით, ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციებმა და მათმა რუსმა პატრონებმა ადგილზე საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების სრული დაშვება უნდა უზრუნველყონ.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი.
ტომაშ პეტრშიჩეკმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა ნატო-ში წევრობის მოსამზადებლად და ჩეხეთი ძალიან აფასებს საქართველოს მისიებს ნატო-სა და ევროკავშირში.
„ჩვენს ქვეყნებს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ჩვენ ქვეყნებს შორის არ არის გაურკვეველი საკითხები, გვაქვს ინტენსიური კონტაქტები. ამას ადასტურებს ხშირი ორმხრივი ვიზიტები. საერთაშორისო არენაზე, ჩვენ ვიზიარებთ მსგავს პოზიციებს, გვაქვს ერთნაირი ხედვა ბევრ პრობლემასთან დაკავშირებით. ორივე ქვეყანა მხარს უჭერს პრობლემების მრავალმხრივ გადაწყვეტას. საერთაშორისო სამართლის დაცვა მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის. ჩეხეთი ასევე დაინტერესებულია ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით, ვაჭრობის და ინვესტიციების მიმართულებით. ამის დიდი პოტენციალი არსებობს. ჩეხეთი მზად არის, გაუწიოს საქართველოს დახმარება ენერგეტიკის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე. ასევე ვისაუბრეთ რომ საჭიროა, რუსულ პროპაგანდასთან დაპირისპირება“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.