„ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში“ ბავშვთა ჰოსპისში სპეციალური მულტი-სენსორული ოთახი მოაწყო
“ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა საქართველოში“ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ბავშვთა ჰოსპისში – „ციცინათელების ქვეყანა“, სპეციალური მულტი-სენსორული ოთახი (Snoezelen MSE) მოაწყო.
საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ოთახი ოფიციალურად 12 აპრილს, 17:00 საათზე საქართველოში ჩეხეთის ელჩის თომაშ პერნიცკი გახსნის.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური დიზაინისა და თერაპიული აღჭურვილობის მეშვეობით შექმნილი მულტი-სენსორული გარემოს მიზანია, დაეხმაროს ჰოსპისის ბენეფიციარებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
„ევროპაში მულტი-სენსორულ გარემოში თერაპიების მიწოდებას განვითარების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ამ მიდგომის ეფექტურობა კარგად შესწავლილი და მტკიცებულებებზე დაფუძნებულია. ეს თერაპიები ევროპულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება სენსომოტორული უნარების და სხვა კოგნიტური ფუნქციების გაუმჯობესებისთვის, ასევე სარელაქსაციოდ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობების მქონე ადამიანებისთვის. აღნიშნული საქართველოსთვის ჯერ კიდევ ინოვაციური სერვისია, თუმცა სხვადასხვა დაავადებების ტვირთის ზრდასა და მოსახლეობის დემოგრაფიული ცვლილებების პარალელურად მისი საჭიროება თანდათან იზრდება.
ამ ახალი სერვისის ხარისხის უზრუნველსაყოფად, ჰოსპისში 10-14 აპრილს სპეციალისტებისთვის (ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი) მულტისენსორული გარემოს თემაზე ტრენინგს სერტიფიცირებული ჩეხი ტრენერი რენატა ფილატოვა ატარებს ჩეხეთის კარიტასის მოწვევით. კურსის გავლა სპეციალისტებს მისცემს საშუალებას, ჰოსპისის ბენეფიციარებს მიაწოდონ კვალიფიციური სერვისი”, – აცხადებენ საელჩოში.