„ჩეხეთის რადიო“ - ჩეხეთის პარლამენტში მხარი დაუჭირეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებაზე ევროკავშირის ქვეყნების იდეას
ჩეხეთის სენატის საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ ფიშერმა და ჩეხეთის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა მარეკ იენიშეკმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან რუსეთის ფედერაციის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერების იდეას. ინფორმაციას „ჩეხეთის რადიო“ ავრცელებს.
„ვიზის მოთხოვნა და შენგენის ქვეყნებში გამგზავრების შესაძლებლობა რუსეთის მოქალაქეებისთვის არის პრივილეგია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ეწევა სამხედრო აგრესიას და ბირთვულ ტერორიზმს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. სირცხვილია, რომ რუსები ამდენ ფულს ხარჯავენ ბერლინსა და პარიზში ფუფუნების საგნებზე, რომელთა ქონებაც შესაძლოა, კრიმინალური წარმოშობის იყოს. მე ასევე სამარცხვინოდ მიმაჩნია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა კვლავ სთავაზობს მსხვილ ინვესტორებს რუსეთიდან მოქალაქეობის ან ბინადრობის ნებართვის მიღებას. ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა ფიშერმა.
სენატორის თქმით, რუსებისთვის ვიზების გაცემის შეზღუდვა სრულიად ბუნებრივი ნაბიჯია. პაველ ფიშერი განცხადებით, რუსებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, შეუძლიათ, ჩეხეთის რესპუბლიკას თავშესაფრის ან საერთაშორისო დაცვის თხოვნით მიმართონ.
„დიდი ხანია, ამის მომხრე ვარ. ეს უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი სანქცია. აბსურდია უკრაინაში ქალებისა და ბავშვების მკვლელობის მხარდაჭერა, შემდეგ კი ევროკავშირში გასართობად წასვლა და ჩვენი დაცინვა, თუ რა სულელები ვართ“, – განაცხადა მარეკ იენიშეკმა.
როგორც „ჩეხეთის რადიო“ წერს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავსკის განცხადებით, ჩეხეთი, რომელიც ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, ემხრობა ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსებისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას.
მედიის ცნობით, უკრაინაში ომის ფონზე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ უკვე უარი თქვა რუსებისთვის ვიზების გაცემაზე.