ჩეხეთის პროკურატურამ პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს ბრალდება მოუხსნა
პრაღის სახელმწიფო პროკურორმა პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება შეწყვიტა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ევროკავშირის სუბსიდიებთან დაკავშირებულ თაღლითობაში ბრალდება ანდრე ბაბიშის პოლიტიკურ კარიერაში მთავარი გამოწვევა იყო. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი კანონდარღვევას უარყოფდა.
მილიარდერ ანდრეი ბაბიშს 2007 წელს ევროკავშირის მიერ მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად გამოყოფილი სუბსიდიების თავისი ჰოლდინგისთვის გამოყენებაში ადანაშაულებენ. საუბარია დაახლოებით ორ მილიონ ევროზე. თავად ბაბიში დანაშაულს უარყოფს და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
ბაბიშის გადადგომის მოთხოვნით ჩეხეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართებოდა.
მაისში ბაბიშმა იუსტიციის მინისტრი შეცვალა, საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ იუსტიციის ახალი მინისტრი მარია ბენეშოვა პრემიერის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების მიუკერძოებლობას ვერ უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, ანდრეი ბაბიშის ჰოლდინგმა აგროფერტმა მიღებული სუბსიდია ნებაყოფლობით დააბრუნა.
აღნიშნული გამოძიება იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩეხეთის პოლიტიკურმა პარტიებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამარჯვებულ ანდრეი ბაბიშის მოძრაობა „ანოსთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს, რის გამოც, არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ „ანოს“ სოციალ-დემოკრატებთან ერთად უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწია. პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად მათ კომუნისტური პარტიის წევრების მხარდაჭერა სჭირდებათ.