ჩეხეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს
ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო ინიციატივებში რუსეთისა და ჩინეთის ჩართვას აუცილებლად მიიჩნევს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან სააგენტო CTK-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პაველის თქმით, ის 2024 წლის ბოლოს ან 2025 წლის დასაწყისში რუსეთ-უკრაინის ომში გარკვეულ ახალ ძვრებს ელოდება. ამის ერთ-ერთ ფაქტორად ასახელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ში არჩევნებს, ასევე რუსეთსა და უკრაინაში ომით მზარდ დაღლილობას.
სამშვიდობო სამიტში რუსეთის ჩართვის შესაძლებლობის შესახებ შეკითხვაზე პასუხად პეტრ პაველმა აღნიშნა, რომ ჯერ უცნობია, რეალურია თუ არა ეს, თუმცა „აუცილებელი და სასურველია“. ამავე დროს მან აღნიშნა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები აზრს მოკლებული იქნება, თუ მოსკოვი გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც ამ დრომდე მოქმედებს, კერძოდ, ფაქტობრივად, უკრაინის კაპიტულაციის პირობების წარდგენით.
„თუმცა მაგიდასთან რუსეთისა და ჩინეთის გარეშე მშვიდობიანი მოლაპარაკებები შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა პეტრ პაველმა.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვზე ჩინეთის რეალური ზეწოლის გარეშე შეუძლებელი იქნება, რუსეთს ქმედებები შეაცვლევინო.