ჩეხეთის პრეზიდენტის განცხადებით, სიტუაცია უკრაინაში ფრონტის ხაზზე არ მიუთითებს, რომ უკრაინას შეუძლია, მიიღოს უპირატესობა
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, სიტუაცია უკრაინაში ფრონტის ხაზზე არ მიუთითებს, რომ უკრაინას შეუძლია, მიიღოს უპირატესობა. ამის შესახებ განცხადება პეტრ პაველმა კონფერენციაზე „დიპლომატია და უსაფრთხოება“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ჩეხეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დრო ახლა რუსეთზე მუშაობს და მოლაპარაკებები შეიძლება, მომავალ წელს დაიწყოს.
„მოლაპარაკებები შეიძლება, დაიწყოს მომავალ წელს, რადგან სიტუაცია როგორც ვითარდება, ის არ მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული მხარე მიიღებს სამხედრო უპირატესობას. დრო ახლა რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს. რუსეთს აქვს უფრო ძლიერი სამობილიზაციო ბაზა. დროის მოგებით რუსეთი შეძლებს მატერიალურ ბაზის შევსებას, რომელიც მას დიდი ხანია, აკლდა. ჩვენ ვხედავთ შეიარაღების მასობრივ მიწოდებას ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში, ასევე სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თვალსაჩინოა, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის გაჭიანურებას. პაველის აზრით, რუსეთი შესაძლოა, ელოდებოდეს აშშ-ში 2024 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
ამასთან ჩეხეთის ლიდერი დარწმუნებულია, რომ დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა.
„სიტუაცია ცალსახად პოზიტიური არ არის. დადებითი უკრაინისთვის უნდა იყოს ის, რომ ჩვენ მათ მხარეს ვართ და უნდა დავუჭიროთ მათ მხარი მიზნების მიღწევაში. თავის მხრივ, ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.