ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს, ვწუხვარ სასტიკი ძალადობის გამო
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალის განცხადებით, პრაღაში, უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევას გამართლება არ აქვს.
მან სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ამას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.
პეტრ ფიალის თქმით, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ ეს არ იყო ტერორისტული აქტი ან ორგანიზებული ჯგუფის თავდასხმა. მან ასევე განაცხადა, რომ საფრთხე აღარ არსებობს.
„ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ვიფიქროთ ყველა მათგანზე, ვინც დაკარგა ახლობლები. ეს შობა მათთვის წარმოუდგენლად სევდიანი იქნება. გავიზიაროთ მათი მწუხარება და ტკივილი. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა გამოვხატოთ პატივისცემა მსხვერპლთა მიმართ“, – განაცხადა ფიალამ.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრაღაში სროლის შედეგად დაღუპულია 15 ადამიანი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა.