ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს
ჩეხეთს უკრაინისთვის პირველი 300 000 ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება უკვე აქვს, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა.
ფიალას თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდონ, ამ დროისთვის 300 000 საარტილერიო ჭურვის შესაძენად საკმარისი დაფინანსება მოიპოვა, თუმცა, პარტნიორების მოძიებას გაარძელებენ.
„ჩვენი მიზანია, მივაწოდოთ ბევრად მეტი. ჩვენი მუშაობა და დახმარება უკრაინისთვის აქ არ მთავრდება. ვაგრძელებთ პარტნიორების ძებნას, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა რუსი აგრესორის წინააღმდეგ გაბედულ ბრძოლაში“, – აღნიშნა ფიალამ.
ჩეხეთის ინიციატივისთვის ნორვეგია 1,6 მილიარდ ნორვეგიულ კრონას გამოყოფს, ნორვეგიას გერმანია და საფრანგეთიც უერთდებიან.
როგორც ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა, ამ დროისთვის ინიციატივას სულ 13 ქვეყანა შეუერთდა.