ჩეხეთის პოლიტიკური პარტიები მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ
ჩეხეთის პოლიტიკური პარტიები მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
გასულ თვეს, ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობის მიღების შემდეგ, ჩეხეთის ხუთმა პოლიტიკურმა პარტიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ. საერთო ჯამში, ოპოზიციურმა პარტიებმა ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 200-დან 108 მანდატი მოიპოვეს.
პარტიები შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებაზე, რომელიც გასულ წელს გაიზარდა პანდემიის, საპენსიო ფონდისა და ხელფასის გაზრდის ფონზე.
საპარლამენტო კამპანიის დროს, ოპოზიციური პარტიები აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი ამჟამინდელი პრემიერის ანდრეი ბაბიშისა და მისი პარტიის დამარცხება იყო, რომელსაც ინტერესთა კონფლიქტში დასდეს ბრალი.
ანდრეი ბაბიშის სავარაუდო შემცვლელის, პეტრ ფიალას განცხადებით, აუცილებელია სწრაფი მოქმედება, რათა ქვეყანა ეკონომიკური და ჯანდაცვის სისტემაში არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.
ჩეხეთის საკანონმდებლო პროცედურების თანახმად, პეტრ ფიალა ჩეხეთის პრემიერად პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა უნდა დანიშნოს, ამჟამინდელი მთავრობის გადადგომის შემდეგ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო სესია დღეს საღამოს დაიწყება და რამდენიმე დღე გაგრძელდება.