ჩეხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის ანდრეი ბაბიშის გადადგომას ითხოვს. ამის მიზეზი ბაბიშის გარშემო აგორებული სკანადალია. კერძოდ, ჩეხეთის მთავრობის მეთაურის შვილი ამტკიცებს, რომ ყირიმში ჩაიყვანეს, რათა მამის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შეჩერებულიყო.
ანდრეი ბაბიში უმცროსი ჩეხური მედიის მიერ ფარული კამერით ჩაწერილ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ყირიმის ნახევარკუნძულზე იმ ფსიქიატრის მეუღლემ ჩაიყვანა, რომელიც მამამისის თანაშემწედ მუშაობდა, როდესაც ბაბიში ჩეხეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა.
როგორც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის შვილი ამტკიცებს, ყირიმში იმის გამო ჩაიყვანეს, რომ მამის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებაში ჩვენების მისაცემად არ გამოეძახათ.
სკანდალის გამო, ოპოზიცია ბაბიშის გადადგომას ითხოვს. თავად ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო მისი შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და საკუთარი სურვილით დატოვა ჩეხეთი.
ანდერი ბაბიშს, რომელიც ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დეკემბრიდან იკავებს, ევროკავშირის ფონდებიდან 2 მილიონი აშშ დოლარის უკანონოდ მითვისებაში სდებენ ბრალს.