ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა დანიშვნიდან 12 დღეში დატოვა
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პოსტი თანამდებობაზე დანიშვნიდან 12 დღის შემდეგ დატოვა. ტატიანა მალას გადაწყვეტილების მიზეზი მის გარშემო აგორებული სკანდალი გახდა.
ცოტა ხნის წინ ათობით ექსპერტმა პოლიტიკოსი სადიპლომო ნაშრომის დაწერის დროს პლაგიატში დაადანაშაულა. მათი თქმით, ტატიანა მალამ ჯერ ბრატისლავას, შემდეგ კი ბრნოს უნივერსიტეტებში სადიპლომო ნაშრომების დაწერის დროს ტექსტებში გარკვეული პასაჟები წინამორბედებისგან მოიპარა და საკუთარ ნაშრომებად გაასაღა.
იუსტიციის მინისტრის გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ, მისი გათავისუფლების მოთხოვნით პეტიციას ასობით მეცნიერმა, იურისტმა და პოლიტიკოსმა მოაწერა ხელი.
თავად პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
„მინდა გავიმეორო, რომ რაიმეში თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. ჩემი მისამართით არსებული კრიტიკა მედიის ორგანიზებული კამპანია იყო. მიუხედავად ამისა, ვითარების გასანეიტრალებლად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე“, – განაცხადა ტატიანა მალამ.