ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის“ კანონზე - ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს
საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა 16 მაისს პრაღაში რიგით მეორე ქართულ-ჩეხური სამართლებრივი ფორუმი გახსნეს.
ღონისძიებასთან დაკავშირებით ჩეხური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა აღნიშნა, რომ საუბარი ჰქონდა ქართველ კოლეგა რატი ბრეგაძესთან „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის თაობაზე.
ბლაჟეკის თქმით, მისთვის გასაგებია საქართველოს მთავრობის პოზიცია არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით.
პაველ ბლაჟეკი აცხადებს, რომ არასწორია, საქართველოს ხელისუფლებას რუსული ეწოდოს.
აღნიშნული კომენტარის გამო ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში გააკრიტიკა ჩეხმა ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც ჩეხეთის იუსტიციის მინისტრს წითელი ბარათით დაემუქრა, თუ ის არ შეწყვეტდა „პრორუსი აგენტების“ დაცვას.
პაველ ბლაჟეკმა აღნიშნულ განცხადებას „გრეგოროვასთვის დამახასიათებელი ზედაპირული ტყუილი უწოდა“ და მოიყვანა მის მიერ მედიისთვის მიცემული ინტერვიუდან ამონარიდები.
„ფუნდამენტური შეცდომაა, როცა მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდან განვიხილავთ განსხვავებული ისტორიისა და გეოგრაფიული რეალობის მქონე უცხო სახელმწიფოს. ქართველებს ჩვენგან განსხვავებულ გარემოში უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვიყოთ ემპათიურები მათი სიტუაციის მიმართ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება მათი შეფასება“. …
„მან ამიხსნა, რამდენად რთულია მათი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი რუსების მიერ არის ოკუპირებული. არ მინდა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას პრორუსული იარლიყი მიენიჭოს. დასავლეთი არასოდეს გაგზავნის იქ ჯარს. ისინი შეჩვეულები არიან რუსული არმიის პირისპირ ყოველთვის მარტო ყოფნას. მათ შეიძლება ჩვენი შეხედულებებისგან განსხვავებულად იმოქმედონ, მაგრამ ისინი მარტონი არიან“, – ციტირებს საკუთრ ინტერვიუდან ამონარიდს სოციალურ ქსელ X-ზე პაველ ბლაჟეკი.