ჩეხეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ჩეხეთის დედაქალაქში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ წერს, საპროტესტო აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და უკრაინის მიმართ სამხედრო მხარდაჭერის შეწყვეტას ითხოვენ.
მედიასაშუალების ცნობით, ჩეხეთი უკვე ერთი წელია, რეკორდულ ინფლაციას ებრძვის, რაც გამოწვეულია უკრაინაში ომის შედეგად ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასებით. თებერვალში ქვეყანაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 16,7 პროცენტს მიაღწია.
შაბათის დემონსტრაცია სახელწოდებით „ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ“ ახალი პოლიტიკური პარტიის PRO (კანონის დაცვის ექსპერტიზა) მიერ იყო ორგანიზებული, რომელმაც ხელისუფლებას მოუწოდა, უპირველეს ყოვლისა, ჩეხეთის მოქალაქეების ინტერესებზე იზრუნოს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ნატო-ს აკრიტიკებენ.