დღეს, 3 ივლისს ორი მეოთხედფინალური დაპირისპირებაა. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩეხეთი და დანია (20 საათზე), ინგლისი და უკრაინა (23 საათზე) წარდგებიან.
ორივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს პირველი რადიო (FM 102.3) შემოგთავაზებთ.
ჩეხეთი-დანია
ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ ჩეხეთი და დანია საპირისპირო მდგომარეობაში იყვნენ – ჩეხებმა სტაბილური თამაშით წინასწარ გაინაღდეს პლეიოფის საგზური, დანიელებს კი ორი წაგების შემდეგ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდათ, თანაც დიდი სხვაობით.
როგორც მოსალოდნელი იყო, დანიამ რუსეთთან იფეთქა და პლეიოფში გავიდა, 1/4 ფინალში ჩეხეთს დაუპირისპირდება. სტაბილურობა VS ფეთქებადობა. რომელი გამარჯვებს, დღეს გავიგებთ.
მანამდე კი მოგახსნებთ, რომ დანიასა და ჩეხეთს შორის ბოლო 6 მატჩიდან 5 ფრედ დასრულდა. ევროპის ჩემპიონატის პლეიოფში ეს გუნდები ბოლოს 2004 წელს დაუპირისპირდნენ. მაშინ ჩეხეთმა დანია 3:0 დაამარცხა.
იაროსლავ შილჰავი (ჩეხეთის ნაკრების მწვრთნელი):
„დანიის ნაკრები ძლიერი გუნდია. მათი სტილი ჩვენსას ჰგავს. ისეთი მატჩია, სადაც ყველაფერი ერთმა შეცდომამ შეიძლება გადაწყვიტოს. იმედია, ამას თავიდან ავიცილებთ და მეტოქის შეცდომებს თავად გამოვიყენებთ. ძალიან რთულ და მჭიდრო თამაშს ველოდებით, სადაც მთავარი იქნება დეტალები“.
კასპერ ჰიულმანდი (დანიის ნაკრების მწვრთნელი):
„მოტივაცია უდიდესია. ჩვენ უნდა ვითამაშოთ დანიისთვის. ოცნებად გვაქვს, წარმატებას მივაღწიოთ და ხალხი გავახაროთ. გვაქვს გუნდური ფილოსოფია და გვაქვს ასევე ტაქტიკური ასპექტები, ისევე, როგორც ცალკეული ფეხბურთელების ინდივიდუალური თვისებები. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, სწორი დავალებები მივცეთ ფეხბურთელებს და ასე იქნება ჩეხეთთან მატჩშიც“.
სავარაუდო შემადგენლობები
ჩეხეთი (4-2-3-1): ვაცლიკი – ცუფალი, ჩელუსტკა, კალასი, კადერჟაბეკი – ჰოლეში, სუჩეკი – მასოპუსტი, ბარაკი, შევჩიკი – შიკი.
დანია (3-4-3): შმეიხელი – კრისტენსენი, კიაერი, ვესტერგაარდი – სტრიგერ ლარსენი, ჰოიბერგი, დილეინი, მელე – ბრაიტვაიტი, დოლბერგი, დამსგაარდი.
არბიტრი: ბ. კუიპერსი (ნიდერლანდები)
უკრაინა-ინგლისი
უკრაინის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში პირველად გავიდა. ანდრეი შევჩენკოს მებრძოლი გუნდი ჰყავს, რომლის დამარცხებაც ბევრ გრანდს უჭირს. არც ინგლისისთვის იქნება იოლი, მიუხედევად იმისა, რომ ბრიტანელებმა ბოლო 10-დან 9 მოიგეს.
ინგლისსა და უკრაინას შორის ორ უკანასკნელ ურთიერთშეხვედრაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა – ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება და ვნახოთ ჩაიდენს უკრაინა კიდევ ერთ გმირობას, თუ ინგლისი კვლავ მშვიდად განაგრძობს გზას თასისკენ.
გარეთ საუთგეიტი (ინგლისის ნაკრების მწვრთნელი):
„უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ შთაბეჭდილების ქვეშ ვართ ანდრეი შევჩენკოს მიერ გაწეული სამუშაოთი. მართალია, შემოდგომაზე მათ რამდენიმე არასახარბიელო შედეგი ჰქონდათ, მაგრამ გვახსოვს საფრანგეთში ნათამაშები ფრე შესარჩევ მატჩში. რა თქმა უნდა, ჩვენი ყურადღების ქვეშაა მათი გამარჯვება შვედეთთან მერვედფინალურ მატჩში. მთავარია, მათ სივრცე არ მივცეთ, რადგან ძალიან სახიფათო ფორვარდები ჰყავთ. ჩვენ უკვე რაღაცას მივაღწიეთ ამ ჩემპიონატზე, მაგრამ ეს არ არის ევერესტი, რომლის დაპყრობაც დავისახეთ მიზნად. გვინდა კიდევ უფრო მაღლა ავიდეთ“.
ანდრეი შევჩენკო (უკრაინის ნაკრების მწვრთნელი):
„კარგად გვესმის, რა დონის გუნდს ვეთამაშებით. ინგლისი ამ ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაბალანსებული ნაკრებია. საუთგეიტმა შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა – გუნდი, რომელიც თამაშობს თანამედროვე ფეხბურთს… გვესმის ისიც, რომ მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ამავე დროს, კარგად ვიცით ჩვენი ძლიერი მხარეებიც. უკვე ვაჩვენეთ ამ ჩემპიონატზე ხასიათი და თამაშის პრინციპები, რომელზეც უარს არც ამჯერად ვიტყვით. ადრეც ვთქვი, რომ უკრაინის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლით უკვე მიაღწია გარკვეულ წარმატებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი არის ბონუსი. ამიტომ, ჩვენ ყოველგვარი წნეხისგან თავისუფლები ვართ“.
სავარაუდო შემადგენლობები
უკრაინა (5-3-2): ბუშჩანი – კარავაევი, ზაბარნი, კრივცოვი, მატვიენკო, ზინჩენკო – სიდორჩუკი, სტეპანენკო, შაპარენკო – იარმოლენკო, იარემჩუკი.
ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი – უოლკერი, სტოუნზი, მაგუაირი, შოუ – რაისი, ფილიპსი – სანჩო, მაუნტი, სტერლინგი – კეინი.
არბიტრი: ფ. ბრიხი (გერმანია)