ჩეხეთი 2014 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად ზიანის კომპენსაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ჩეხეთი 2014 წელს მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციისთვის რუსეთის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის განცხადებით, პრაღა მოსკოვიდან 20 ჩეხი დიპლომატის გაძევების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სხვა ზომებსაც ამზადებს.
ჩეხეთის მთავრობის ინფორმაციით, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარი აფეთქების შედეგად მიყენებული ზარალი 1 მილიარდ კრონს აჭარბებს, რაც 47 მილიონი დოლარის ტოლია.
პრაღაში ამბობენ, რომ ეს თანხა მოიცავს განადგურებული ქონების ღირებულებას, ასევე აუფეთქებული საბრძოლო მასალების გასანადგურებლად ჩატარებულ სამუშაოს. აგრეთვე, ინციდენტში მონაწილეებმა კომპენსაცია უნდა გადაუხადონ აფეთქებების შედეგად დაღუპული ჩეხეთის ორი მოქალაქის ოჯახებს.
17 აპრილს ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი რუსეთის დაზვერვისთვის მუშაობაში დაადანაშაულა და ქვეყნიდან გააძევა. პრაღაში ფიქრობენ, რომ მათ კავშირი ჰქონდათ 2014 წელს მომხდარ აფეთქებასთან. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.