ჩეხეთი ევროკავშირის მიერ რეკომენდებული ქვეყნების სიიდან ნაწილს საზღვარს ჯერ არ გაუხსნის. ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტპორტალი „შენგენვიზა ინფო“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჩეხეთმა ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის საფუძველზე საკუთარი სია შეიმუშავა, რომელშიც რვა ქვეყანა შეიყვანა. ჩეხეთის სიაში საქართველო არ არის.
ჩეხეთის მთავრობამ პირველი ივლისიდან დასაშვებად მიიჩნია შემდეგი ქვეყნების მოქალაქეების მიღება – ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, ახალი ზელანდია, სერბეთი, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.
გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრიჩეკმა განმარტა, რომ სერბეთთან და მონტენეგროსთან ორმხრივი მგზავრობის შესაძლებლობა ნაცვალგების პრინციპს დაეყრდნობა. რაც შეეხება სიაში არსებულ დანარჩენ ექვს ქვეყანას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ისინი სიაში შეიყვანეს იმის მიუხედავად, რომ მათ ჩეხეთის მოქალაქეების მიღებაზე ჯერ კიდევ დაწესებული აქვთ შეზღუდვები. თუმცა მათთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილების მიზანია ამ ქვეყნებში მყოფი ჩეხეთის მოქალაქეებისთვის ვითარების შემსუბუქება, ასევე აღნიშნული ქვეყნების მოტივირება, რომ მათაც გახსნან საზღვარი ჩეხეთისთვის.
„ამგვარად, ამ ქვეყნებიდან უცხოელების ჩეხეთში გამგზავრება ჯერ არ იქნება დაშვებული, თუმცა მზარდ ვართ, ვიმოქმედოთ ძალიან მოქნილად ვითარების ცვლილების მიხედვით, ანუ ნაცვალგების შემოღებაზე, – განაცხადა მინისტრმა.
დღეს ევროკავშირმა წევრი ქვეყნებისთვის გასცა რეკომენდაცია, გაუხსნან პირველი ივლისიდან საზღვრები 14 ქვეყანას, მათ შორის არის საქართველო.
ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.