ჭავჭავაძის N33-ის მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები კორპუსის გვერდით განახლებულ მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის გიორგი ანდრიაძის თქმით, მშენებლობის ნებართვა გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა და რამდენჯერმე შეჩერების შემდეგ, კახა კალაძის მერობის დროს მშენებლობა ისევ განახლდა.
„ბინის მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე. კერძოდ, გაზგამანაწილებელი, რომლისგანაც შენობა დაშორებული იყოს სულ მცირე 10 მეტრით მაინც, მიბჯენით არის. ჩვენი მოთხოვნაა, დაცული უნდა იყოს ჩვენი უსაფრთხოება. მერიას მიცემული აქვს ისეთი მითითება, რომ აშენდეს შენობა და 18 თვის შემდეგ მოხდეს უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ამას პირველკურსელი არქიტექტორიც არ გააკეთებს“, – აცხადებს აქციის მონაწილე.