ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება
ჭავჭავაძის გამზირზე საგზაო მოძრაობა დღეიდან სრულად აღდგება

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია და დღეიდან საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება.

„N9, N21, N34, N51, N59, N61, N83, N85, N87, N88 და N140 ავტობუსების მოძრაობა აღდგება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული სქემის შესაბამისად – ჭავჭავაძის გამზირისა და თამარაშვილის ქუჩის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, რის შემდეგაც, სატრანსპორტო მოძრაობა საგზაო მონიშვნების შესაბამისად განხორციელდება.

ჭავჭავაძის გამზირზე N4, N15, N32, N35, N44, N73, N120, N126, N128, N137, N170 და N202 მიკროავტობუსები საგზაო მონიშვნების სრულ დატანამდე, დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

შუქნიშნებისა და საგზაო მონიშვნების დახაზვამდე, ავტომობილებს შეეძლებათ, გადაადგილდნენ შემდეგი მიმართულებებით:

ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კეკელიძის, მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩების საშუალებით. უკუმიმართულებისას კი ფალიაშვილის ქუჩაზე მოხვედრა მიშველაძის, ბერძენიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებით იქნება დასაშვები.

კეკელიძის ქუჩაზე მოხვედრას მძღოლები აბაშიძის ქუჩიდან შეძლებენ, ხოლო კეკელიძის ქუჩის გავლით, ფალიაშვილის ქუჩაზე მოძრაობა თავისუფალი იქნება; ავალიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით.

თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ვაკის პარკის, ასევე, ვარაზისხევის მიმართულებებით“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.