ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება. სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

როგორც მერიაში აცხადებენ, მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან. კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

მათივე ინფორმაციით, კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა.

„კონტეინერების დასამონტაჟებლად განსაზღვრული ადგილმდებარეობების შერჩევის პროცესში სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება მოხდა. კერძოდ, კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავებისა და სხვა გამწვანებული ადგილების მდებარეობა. ასევე, კონტეინერების დამცლელი სპეციალური ტექნიკის მოძრაობისთვის საჭირო პერიმეტრი, არსებული და სამომავლოდ მოსაწყობი ინფრასტრუქტურული ობიექტების (კერძო და მუნიციპალური ტრანსპორტის სავალი ნაწილების, საფეხმავლო და ველობილიკების განლაგება, გაჩერებების ადგილმდებარეობები, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების არსებობა და სხვა) ადგილმდებარეობა. ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება. გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება“, – აცხადებენ მერიაში.