ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებულები სასამართლომ ნაწილობრივ სამართალდამრღვევებად ცნო
ჭავჭავაძის გამზირზე, აქციაზე დაკავებულები სასამართლომ ნაწილობრივ სამართალდამრღვევებად ცნო

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე 2 აპრილის აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დაკავებული ექვსი პირი სასამართლომ ნაწილობრივ სამართალდამრღვევებად ცნო.

ყველა მათგანს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ დააკისრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. მოსამართლემ განმარტა, რომ მათ უკანონოდ გადაკეტეს გზის სავალი ნაწილი, თუმცა არ დაეთანხმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკავებულებმა პოლიციელებს შეირაცხყოფა მიაყენეს.

კახა ავალიშვილი, ცოტნე ცხვედიანი, ვახუშტი მენაბდე, გიორგი კობახიძე, გიორგი სოფრომაძე და დავით სუბელიანი ადმინისტრაციული წესით 2 აპრილს დააკავეს, დაკავების შემდეგ კი, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ექვსივე პირი საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

აქცია ჭავჭავაძის გამზირზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის ჩამოიშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვის გამო გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, კანონი არ დაურღვევიათ და მათი მხრიდან დაცული იყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.