სენატში უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი - მინდა, ვუთხრა ბატონ პუტინს, შეწყვიტეთ უგუნური ქმედებები, ვიდრე გაუთვალისწინებელი ესკალაციის მიზეზი გახდებით
მინდა, ვუთხრა ბატონ პუტინს, შეწყვიტეთ ეს ქმედება, ვიდრე გაუთვალისწინებელი ესკალაციის მიზეზი გახდებით, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა.
ამერიკელი სენატორის თქმით, შავი ზღვის თავზე უპილოტო თვითმფრინავის ინციდენტი რუსეთის კიდევ ერთი უგუნური ქმედებაა.
„ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა სახიფათოდ გადაუჭრა გზა აშშ-ის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავს, რომელიც მოქმედებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში შავი ზღვის თავზე. ეს ჩაჭრა იმდენად საშიში და თავხედური იყო, რომ აშშ-ის საჰაერო ძალები იძულებული გახდა, თვითმფრინავი საერთაშორისო წყლებში ჩამოეგდო. ეს არის პრეზიდენტ პუტინისა და მისი სამხედროების მორიგი უგუნური ქმედება და მინდა, ვუთხრა ბატონ პუტინს, შეწყვიტეთ ეს ქცევა, ვიდრე თქვენ გახდებით არასასურველი ესკალაციის მიზეზი. რუსი სამხედროების ეს ქცევა ადრეც გვინახავს და ეს არ დააბრკოლებს აშშ-ს შავი ზღვის თავზე ოპერაციების განხორციელებისგან. რუსული ავიაციის ეს აგრესიული ქმედებები სარისკოა და, ვიმეორებ, შეიძლება, გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ესკალაცია. აშშ რეგულარულად დაფრინავდა შავი ზღვის თავზე პუტინის მიერ უკრაინაში უკანონო და უგუნურ შეჭრამდეც და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ასე გააგრძელებენ“, – განაცხადა ჩაკ შუმერმა.