მსოფლიოს 21 ქვეყანაში მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის 8 თვის მონაცემებზე 19 პროცენტით მეტია.
ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, რომლის ცნობით, ამ პერიოდში, ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, შესაბამისად, ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდა კი, 80 პროცენტზე დაფიქსირდა.ექსპორტირებული ჭაჭის საერთო ღირებულება 692,4 ათასი აშშ დოლარია, 88 პროცენტით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა ამ პერიოდში 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 19 პროცენტით მეტია.