ჭაბუკა მახარაძის ვერცხლის მედალი და საუკეთესო სპორტსმენის პრიზი ირანის საერთაშორისო ტურნირზე [ვიდეო] #1TVSPORT
2023 წლის 28-29 აპრილს ირანის დედაქალაქ თეირანში გაიმართა ყოველწლიური VIII საერთაშორისო ტურნირი კარატეში სახელწოდებით Master Cup-ი, რომელშიც მსოფლიოს 15 ქვეყნის 1500-მდე სპორტსმენს შორის საქართველოს შოტოკან კარატეს კონფედერაციის გუნდმაც მიიღო მონაწილეობა.
ირანის კარატეს ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაზე მსოფლიოს ოთხგზის და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, ჭაბუკა მახარაძემ უფროსი კატეგორიის ინდივიდუალურ კატაში ვერცხლის მედალი აიღო და საუკეთესო სპორტსმენის პრიზი გადაეცა.
ჭაბუკა მახარაძე ირანში გამართულ ჩემპიონატზე 2008 წლიდან რეგულარულად მონაწილეობს, სადაც ყველა სინჯის 15-მდე მედალი აქვს აღებული. 2022 წელი განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა მის სპორტულ კარიერაში, აგვისტოში მან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვა და მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, იმავე წელს რუმინეთის ქალაქ კლუჟში, ევროპის ჩემპიონატზე მეხუთედ იზეიმა ევროპის ჩემპიონობა.
ჭაბუკა მახარაძე მსოფლიოს ოთხგზის, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. არის შავი ქამრის მეხუთე დანის მფლობელი. 1998 წლიდან რეგულარულად ასპარეზობს საერთაშორისო ტურნირებზე, სადაც, საერთო ჯამში, 100-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ჭაბუკა მახარაძე, შოტოკან კარატე დოს მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი:
„თეირანში კარატეს საერთაშორისო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. პირველ წრეში 5:0 დავამარცხე ალი ონარ ჰოსეინი (ერაყი), მეორე წრეში 5:0 მოვუგე აბდულა ისმაილს (ირანი), ფინალი ქულებით შეფასდა და პირველი ადგილი მოჰამედ ბაჰრამმა (ირანი) დაიკავა, მეორეზე მე გავედი, ხოლო მესამეზე მუსტაფა ტაჰა ხუსეინი (ირანი).
თეირანის საერთაშორისო ჩემპიონატზე 2008 წლიდან სტაბილურად და წარმატებით გამოვდივარ. ირანში წელს მეხუთედ გადმომეცა საუკეთესო სპორტსმენის პრიზი, ასეთი დაფასებისთვის ტურნირის ორგანიზატორებს და ირანის კარატეს ფედერაციას, მინდა, მადლობა გადავუხადო. ყოველთვის ვცდილობ, წარმატებით ვიასპარეზო და ღირსეულად წარვადგინო ჩვენი ქვეყანა. ამაყი ვარ, როცა კვარცხლბეკზე ვდგავარ და საქართველოს დროშა ფრიალებს.