ცეზარ ჩოჩელი - ეროვნული ვალუტის რყევა და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების გაჭიანურება ბიზნესს პრობლემებს უქმნის
ქვეყნის ეკონომიკასა და ბიზნესს ორი მთავარი გამოწვევა აქვს – სავალუტო რყევები და ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურება,- ამის შესახებ კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელმა, ცეზარ ჩოჩელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის საკითხი განიხილეს. ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ და გადაცემის თანაწამყვანმა, ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის ექვსი თვის ანგარიშის მიხედვით, ბიზნესსა და მთავრობას შორის კომუნიკაციის ხარისხის პრობლემა გამოიკვეთა.
მისი თქმით, პრობლემას ქმნის არა უშუალოდ კომუნიკაცია, არამედ ერთის მხრივ, მთავრობაში გადაწყვეტილებების მიღების გაჭიანურებული პროცესი, მეორეს მხრივ – ამ პროცესში ბიზნესის არასაკმარისად ჩართულობა.
„ვერ ვიტყვი, რომ კომუნიკაციაში სირთულეებია, თუმცა სირთულეს გარკვეულწილად, გადაწყვეტილებების მიღება ქმნის. დღეს ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად ხელისუფლების მხრიდან ბიზნესისთვის კომფორტული გარემოს შექმნის აუცილებელი პირობაა. მაგრამ ეს არ არის საკმარისი პირობა. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებები ბიზნესთან ერთად მიიღონ. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ერთის მხრივ, ბიუჯეტს ავსებენ და ადამიანებს ასაქმებენ, მეორეს მხრივ, მათ ყველაზე კარგად იციან, ესა თუ ის რეგულაცია საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რა რისკის, ზარალის და საფრთხის სახით შეიძლება წარმოჩნდეს“, – განაცხადა კალანდაძემ.
ცეზარ ჩოჩელის აზრით, ბიზნესსა და ეკონომიკას გაჭიანურებული გადაწყვეტილებების გარდა სავალუტო რყევები აზარალებს.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს ეკონომიკას და ბიზნესს აზარალებს, არის ქვეყანაში არსებული ფინანსური რყევები და არასტაბილური ვალუტა. ამის გამო სრულყოფილად, ფაქტობრივად, ვერც დაგეგმარებას და ვერც პროექტის გაწერას ვერ ვახორციელებთ. იმიტომ, რომ კურსთა შორის სხვაობა საკმოდ დიდია. ხშირია შემთხვევები, როცა კურსი დილიდან საღამომდე შვიდი, რვა და ათი პუნქტით იცვლება. ეს ბიზნესს საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის. მეორე პრობლემა, რასაც მე ყველაზე მეტად ვამჩნევ, არის არა კომუნიკაცია მთავრობასთან, არამედ გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. მე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებასთან კომუნიკაციის პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილება არის ყველაზე დიდი პრობლემა. კომუნიკაციის შემდეგ, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება გადაწყვეტილების მიღებას“, – განმარტა ჩოჩელმა.
მისი აზრით, ხელისუფლების წარმომადგენლების გაჭიანურებული გადაწყვეტილებების მიზეზი კომპეტენციის ნაკლებობა კი არ არის, არამედ პასუხისმგებლობის აღების უნარი. კომპანია „ზედაზენის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ეს პრობლემა დგას როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებაში.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილის მოსაზრებით, საჭიროა, გადაწყვეტილების მიღების სისტემა შეიცვალოს, რადგან გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი აღსრულების პრობლემაც იკვეთება.
„როცა ვამბობთ, რომ გარკვეული სისტემური ცვლილება და ახლებური მიდგომების ჩამოყალიბებაა საჭირო, იმას ვგულისხმობთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ერთია და აღსრულება – მეორე. როცა ხელისუფლება ესაუბრება ბიზნესს და გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა, მორჩა – ეს უნდა გაკეთდეს. ამას აღარ უნდა სჭირდებოდეს ერთი, ორი, სამი თვე და მინისტრისთვის შეხსენება. მერე ახალი თათბირების და შეხვედრების მოწვევა. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, თუ როგორ მივიღოთ გადაწყვეტილება და უკვე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კონტროლიც ამ სისტემის ნაწილი უნდა იყოს“, – განაცხადა ლევან კალანდაძემ.