ვანისა და ხონის ოლქში შუალედური არჩევნების თარიღს ცესკო 15 თებერვლის შემდეგ გამოაცხადებს
ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის აპრილში გაიმართება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია 15 თებერვლის შემდეგ გამოაცხადებს.
როგორც პირველ არხს ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განუცხადა, იქედან გამომდინარე, რომ პარლამენტის ყოფილ წევრს, გრიგოლ ლილუაშვილს უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, ამ შემთხვევაში, კანონმდებლობით, არჩევნები აპრილში ჩატარდება.
„პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ცესკო ნიშნავს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს ორი თვისა. კანონმდებლობის თანახმად, არჩევნები 15 თებერვლამდე არ იქნება დანიშნული. 15 თებერვლის შემდეგ კი ცნობილი იქნება, როდის დაინიშნება არჩევნები“, – განაცხადა მიქელაძემ.
გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დეკემბერში დატოვა და საქმიანობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილედ გააგრძელა. იმის გათვალისწინებით, რომ გრიგოლ ლილუაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი იყო, აღნიშნულ ოლქში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს.