ცესკო - უცნობი პირები საოლქო კომისიის ხელმძღვანელებს აწვდიდნენ შეტყობინებებს, თითქოს ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებული
ცესკო - უცნობი პირები საოლქო კომისიის ხელმძღვანელებს აწვდიდნენ შეტყობინებებს, თითქოს ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიმართ პროვოკაციული ქმედებები ხორციელდება, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უცნობი პირები საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს აწვდიდნენ ცრუ შეტყობინებებს, თითქოს ისინი ახალ გუბერნატორებთან შეხვედრაზე იყვნენ დაბარებული.

„ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც, ვითომდა მათ მიერ “გადაგზავნილი” საარჩევნო უბანში ასარჩევი პირების სიის მიღების დასადასტურებლად. ზემოაღნიშნული შინაარსის სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში და ა.შ.

ცესკო არ გამორიცხავს ამგვარი ქმედებების გაგრძელებას, შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებას, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს. დაკომპლექტებულია პროფესიული კადრებით, ხელმძღვანელობს მხოლოდ კანონის მოთხოვნებით, მოქმედებს ამომრჩევლების ინტერესებიდან გამომდინარე და ვერანაირი პროვოკაციული ქმედება ვერ შეუშლის ხელს, ჩაატაროს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები.

ცესკო მიმართავს დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას, გააძლიერონ ძალისხმევა, დააკვირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სხვა ჩართული მხარეების საქმიანობას, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს გამჭვირვალე, უსაფრთხო და სანდო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.