ცესკო - თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატი, არავინ არის შემოხაზული ან ყველა გადახაზულია, ბიულეტენი გაბათილდება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი დილის 08:00 საათზე გაიხსნა. რაიმე სახის შეფერხების შესახებ ცესკო-ში ინფორმაცია არ შესულა. საარჩევნო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ხმის მიცემის პროცესი ქვეყნის მასშტაბით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება თავად კენჭისყრის პროცედურას, ცესკო-ს ინფორმაციით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შესაბამისი ინსტრუქცია არის გამოკრული, მათ შორის, ბიულეტენის შევსების წესის შესახებ.
„ამომრჩეველს გადაეცემა ერთი საარჩევნო ბიულეტენი, რომელშიც მან უნდა შემოხაზოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის რიგითი ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ყველა კანდიდატი, ან არცერთი კანდიდატის რიგითი ნომერი არ არის შემოხაზული, ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში“, – განმარტა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ საგანგებო ბრიფინგზე.