ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად იკრიბებიან ის უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა უბანზე ადევნებდნენ თვალს კენჭისყრის პროცესს.
საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს ახლა საშუალება აქვთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში დამონტაჟებულ მონიტორებზე ინტერნეტსტრიმინგის მეშვეობით, პირდაპირ რეჟიმში ადევნონ თვალი წინასწარი მონაცემების დათვლისა და შემაჯამებელი ოქმების ვებგვერდზე განთავსების პროცესს.
საერთაშორისო მისიები კენჭისყრის პროცესის შესახებ საკუთარ ანგარიშებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ. მათი ნაწილის განცხადებით, პირველადი დაკვირვებით, ხმის მიცემის პროცედურა და ხმების დათვლა უბნებზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
„პირველად არ ვაკვირდებოდი არჩევნებს. იმ უბანზე, სადაც ხმის დათვლას ვაკვირდებოდი, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ბუნებრივია, მეჩქარებოდა შედეგების გაგება, მაგრამ პრინციპი, რომლითაც კომისია მუშაობდა, იყო პრინციპულობა და სიზუსტე. ჩემი დაკვირვებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, – განუცხადა პირველ არხს ლატვიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არნესტ სინდერსმა, რომელიც კენჭისყრის პროცესს თბილისის რამდენიმე უბანზე აკვირდებოდა.