ცესკო-ში სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღის წესრიგის პირველი საკითხის ამოღებას ითხოვენ.
„ნუ გადაიქცევით „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შტაბად“ , – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ თამარ ჟვანიასა და სხდომის წევრებს.
ოპოზიცია ითხოვს, რომ ცესკო-მ პირველი ტურის შედეგების შეჯამება 17 ნოემბრამდე გადადოს, რომ არჩევნების მეორე ტური შაბათ დღეს პირველ დეკემბერს ჩატარდეს ან 17-ში შედეგების შეჯამების შემდეგ, ოქმი მეორე დღეს გამოქვეყნდეს, რაც ნიშნავს, რომ მეორე ტურის თარიღი 2 დეკემბერი იქნება.
თამარ ჟვანიამ ყველას მიმართა, რომ საკუთარი მოსაზრებები სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით გამოთქვან.
„მშვიდად გამოთქვით აზრი, მითუმეტეს მედიის წინ, კანონის მუხლების მოხმობით. გავიგეთ თქვენი აზრი, დავაყენებ კენჭისყრაზე”, – აღნიშნა თამარ ჟვანიამ.
ცესკო-ს წევრმა ზურაბ ხრიკაძემ მოუწოდა კომისიის წევრებს, იურიდიულ ჟონგლიორობას თავი დაანებონ.
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ ჟონგლიორობას ჰგავს ის, რაც არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხდება.
თამარ ჟვანიამ მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაიცვან დისციპლინა და ახსოვდეთ, რომ პარტიების წარმომადგენლები ცესკო-ს წევრები არიან და პატივი სცენ ამ სტატუსს.
“ცესკო რომ დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს, ეს ძალიან კარგად და მაგრად დაამტკიცა პირველ ტურზე, როდესაც ნეიტრალური არბიტრების მხრიდან არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.