ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით 42 განაცხადია შესული
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენაზე 42 განაცხადია შესული. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ყავს 23 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას.
ამასთან, რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.
„დღეს 18:00 საათზე იწურება ცესკო-ს თავმჯდომარისთვის საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით განცხადებით მიმართვის ვადა. კანონმდებლობის თანახმად, მიმართვის შემდეგ იწყება ხელმოწერების შეგროვება, რომელიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, რაც ამ შემთხვევაში, 18 სექტემბერია. ხელმოწერების შემოწმება კი, სრულდება კანონმდებლობით არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა და არაუგვიანეს ამ დღისა ხდება კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკო-ს განკარგულების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 % ) ამომრჩევლის ხელმოწერით.
საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.