საინიციატივო ჯგუფებმა და პარტიებმა, რომლებსაც პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა სურთ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, 18:00 საათამდე უნდა მიმართონ. ამის შემდეგ კი მათ მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ.
ცესკო-ს განკარგულების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75 % ) ამომრჩევლის ხელმოწერით.
„8 სექტემბერს 18:00 საათზე დასრულდება საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების მიერ კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის განცხადებით მიმართვის ვადა. ამის შემდეგ, მათ შეუძლიათ დაიწყონ ხელმოწერების შეგროვების პროცესი. ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეორმოცე დღისა, ხოლო ხელმოწერების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე არაუგვიანეს ოცდამეათე დღისა. ცესკო-ს თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატს იმ შემთხვევაში, თუკი მათ მიერ წარმოდგენილი ხელმოწერები და დოკუმენტაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას”, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარის სახელზე 41 განცხადებაა შესული. პრეზიდენტობის კანდიდატი წარდგენილი ყავს 22 საინიციატივო ჯგუფსა და 19 პარტიას. რეგისტრაცია უკვე გავლილი აქვს ოთხ კანდიდატს – 1. მიხეილ გელა სალუაშვილი „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე” 2. ზვიად ბაღდავაძე. „სამოქალაქო პლატფორმა-ახალისაქართველო” 3. შალვა ნათელაშვილი “საქართველოს ლეიბორისტული პარტია” 4. დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“.