ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა, საარჩევნო ადმინისტრაციაში 46 განაცხადია შესული
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა განაცხადების მიღება დასრულდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას სახელზე ცესკო-ში 46 განაცხადი შევიდა. მათგან 26 საინიციატივო ჯგუფის, ხოლო 20 პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატია.
როგორც ცესკო-ში განმარტავენ, დღეიდან 10 დღის ვადაში კანდიდატად რეგისტრაციის მსურველებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში მხარდამჭერთა ხელმოწერები უნდა წარადგინონ. ხელმოწერების წარდგენის ბოლო ვადა 18 სექტემბერია, ხოლო რეგისტრაცია 28 სექტემბერს დასრულდება.
ამ დროისთვის კი, პრეზიდენტობის ექვსი კანდიდატია რეგისტირებული: მიხეილ გელა სალუაშვილი – „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”; ზვიად ბაღდავაძე – „სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო”; შალვა ნათელაშვილი – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”; დავით ბაქრაძე – „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“; გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ირაკლი გორგაძე – „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.