ცესკო-ში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა 28 სექტემბერია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის საბოლოო ვადა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე, 28 სექტემბერია, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, კანონის თანახმად, რეგისტრირებულ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკო-ს განცხადებით მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, რაც ამ შემთხვევაში, 8 სექტემბერია.
„ამის შემდეგ კი, მხარდამჭერების ხელმოწერების შეგროვება უნდა დაიწყოს. ხელმოწერები ცესკო-ში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40-ე დღისა უნდა წარმოადგინონ, რაც 18 სექტემბერია. კანდიდატების საბოლოო რეგისტრაციის ვადა კი, არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღე, ანუ 28 სექტემბერი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ამ დროისთვის, ცესკო-ს 12 პოლიტიკურმა პარტიამ და 5 საინიციატივო ჯგუფმა მიმართა.
საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.